• info@nam.gov.ge 0322 43 95 57
    Card image cap

    წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარმოდგენის ვალდებულება ექნება

    25.02.2018

    2019 წლის მაისში ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც მოწესრიგებულია წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების საკითხები. ცვლილებების ფარგლებში განახლდა ტექნიკური რეგლამენტი და დაინერგა განახლებული  მოთხოვნები. დოკუმენტი მომზადებული და ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ.  

     

    ცვლილების თანახმად, სავალდებულო გახდა ლიცენზიის მფლობელის მიერ შემუშავებული საბადოს დამუშავების პროექტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე. პროექტში ასახული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სრული ციკლი - როგორც, მოპოვების დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ ინფორმაცია, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან,  ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. ამასთან, მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოსთან, ასევე, არქოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

    ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესება, გარემოზე მოპოვების პროცესების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დარგის ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.

    ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით. რეფორმის პროცესში დაგეგმილია ასევე წიაღითსარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის განახლება.

    ნახეთ მეტი

    წიაღის სექტორში ბიზნეს განწყობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

    25.02.2018

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილ პროექტთან, „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G).

    დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით კვლევა განახორციელა  საკონსულტაციო კომპანიამ - PMO Business Consulting. კვლევა ეხებოდა საქართველოს სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული მდგომარეობის აღქმას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ (Business Perception Survey of the Mining Sector). კვლევის მიზანი იყო სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული ისეთი საკითხების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.  კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ წიაღის ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები  იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ხელს შეუწყობს სექტორის მიმზდიდველობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური სარგებელის ოპტიმიზაციას.

    აღსანიშნავია, რომ სამთო-მოპოვებით სექტორში მოღვაწე ადგილობრივი და  საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული მარეგულირებელი პრაქტიკის არსებობა. ამ კუთხით საქართველოში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის არარსებობა ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო ინვესტორთათვის ნდობის გაზრდის კუთხით.

    მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს გეოლოგიურ მონაცემთა ბაზის დახვეწასა და ინფორმაციულ სრულყოფაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წიაღის სექტორში გეოლოგიური რუკების შედგენასა და გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას.

    დღეისათვის საქართველოში წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს  წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

     

    ნახეთ მეტი
    Card image cap Card image cap

    წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა

    25.02.2018

    „წარმატებით დასრულდა წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სადაც წიაღის სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს საქმიანობის შედეგები, ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.შეხვედრას მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებოდა.

     წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა და გაუმჯობესება, ფისკალური რეჟიმის განახლება - საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული როიალტის სისტემის დანერგვა და ა.შ.

    მაია ზავრაშვილის განცხადებით, წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე მოიცავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების, (საბადოთა რეკულტივაციის სისტემის გაუმჯობესება), ასევე შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, სოციალური და კულტურული ზეგავლენის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებას და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას.

    როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში უკვე მიღწეულია ისეთი შედეგები, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გაციფრებული ანგარიშების ელექტრონული კატალოგის (https://nam-geofund.archival-services.gov.ge/) დანერგვა, ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასურის გაუქმება, ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მინიმალური საწყისი სააუქციონო ფასის 500 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება (ჰექტარზე) და ა.შ.

    „ინტეგრირებული ნებართვის გასაცემად ჩვენ დავნერგეთ “ერთი სარკმლის” პრინციპი, რაც კიდევ უფრო უმარტივებს დაინტერესებულ კომპანიებს საჭირო მომსახურების მიღებას. ასევე, ჩვენი ინიციატივით გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა. დაინერგა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის თანამედროვე სტანდარტები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია, რომლის ფარგლებშიც დავნერგეთ ლიცენზიის გაცემისა და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა www.nam.rs.ge“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

    ნახეთ მეტი
    Card image cap

    ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზია გაიცა

    25.02.2018

    ქობულეთში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქრო-სპილენძი) შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე, მაღალი კონკურენციის პირობებში, 788 305 ლარად გაიცა. აუქციონის პირობების მიხედვით, ლიცენზიანტმა სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-მოპოვებითი სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით უნდა აწარმოოს, რისთვისაც არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 30 ადამიანს დაასაქმებს.

    ნახეთ მეტი
    Card image cap

    ზანავის მინერალური წყლის საბადოზე მოპოვების ლიცენზია გაიცა

    25.02.2018

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში, მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია შპს „აიდიეს ბორჯომ ბევერიჯიზ კომპანიმ“ ელექტრონულ აუქციონზე 1 100 000 ლარად მოიპოვა. სალიცენზიო პირობების მიხედვით კომპანიამ 5 წლის განმავლობაში მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მინიმუმ 50 საქართველოს მოქალაქე დაასაქმოს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ გარემოსდაცვით პირობებს.

    ნახეთ მეტი
    Card image cap

    მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SRK Consulting-ის წარმომადგენელი გადაამზადებს

    25.02.2018
     
     

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო წიაღის სექტორის განვითარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან.


    მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია SRK Consulting-ის წარმომადგენელი, უფროსი გეოლოგი ბ-ნი იგორ ზუბკოვი. წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა
    გადამზადების, ცოდნის ამაღლებისა და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, 11-დან 15 მარტის ჩათვლით ჩანიშნულია ტრენინგები, რომლებიც მოიცავს სამთო-მოპოვებითი სფეროს მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. 

    თეორიული კურსის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდება ე.წ. ჯორკის კოდექსზე (JORC Code), რომელიც სასარგებლო წიაღისეულისა და მადნეული მარაგების ანგარიშგების საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სტანდარტია. წიაღის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ახდენს საქართველოში არსებული მარაგების დათვლასა და ანგარიშგებას.

    რაც შეეხება ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან სფეროში არსებული ერთ-ერთი წამყვანი გეოლოგიური კომპიუტერული პროგრამის, MICROMINE-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, შეისწავლიან პროგრამის მუშაობის სპეციფიკას და გადაჭრიან პრაქტიკულ ამოცანებს.

    აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება სამთო-მოპოვებით სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
     
    ნახეთ მეტი
    Card image cap

    წიაღის სექტორში 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება

    25.02.2018

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა.

     

    სამთომოპოვებით მრეწველობაში  2018 წელს განხორციელებული პირდპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 34%-ით 2016 წლის მონაცემებს.

     

    რაც შეეხება  დამამუშავებელ მრეწველობას, ამ მიმართულებითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება:

     

    დამამუშავებელ მრეწველობაში  2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 44%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 13%-ით 2016 წლის მონაცემებს.

     

    ამასთან, საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში მოხვდა წიაღის მომპოვებელი შემდეგი კომპანიები: შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ (დამამუშავებელი მრეწველობა), სს RMG Copper (სამთომოპოვებითი მრეწველობა), შპს „ჯორჯიან მანგანეზი“  (დამამუშავებელი მრეწველობა).

    ნახეთ მეტი
    Card image cap Card image cap

    PDAC-ის ღონისძიებაზე საქართველო პირველად წარსდგა

    25.02.2018

     

    კანადაში, ქ. ტორონტოში მიმდინარე წლის 3 მარტიდან  5 მარტის ჩათვლით იმართება PDAC-ს მიერ ყოველწლურად ორგანიზებული ღონისძიებათა ჯაჭვი, რომელშიც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა, კერძოდ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გვანცა ბიწაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება კანადაში.

    კანადის Prospectors&Development Association (PDAC) არის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების მიზნით შექმნილი წამყვანი საზოგადოება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 8000-ზე მეტი წევრი ჰყავს. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალური ხელშწყობა.

    ღონისძიებას 135 ქვეყნის წარმომადგენელი  და 25 000 ადამიანზე მეტი ესწრება, რომელთაც სამთო-მოპოვებითი სფერო აერთიანებს. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა იღებენ სხვადასხვა სახის სესიებში და ესწრებიან საკომუნიკაციო შეხვედრებს. (PDAC) -ს ღონისძიებათა ჯაჭვი ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათის მოვლენაა სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში.

    სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სიტყვით გამოვიდა  Tethyan Belt-ის სახელით ცნობილ სესიაზე, რომელიც ევროპა-აზიის გეოლოგიურ სარტყელში წიაღისეულის მოპოვებას მიეძღვნა  და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული მიღეწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მომპოვებითი სფეროში ინვესტირების შესაძლებობები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.

    წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებმა კანადაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ორგანიზებით ცალკეული შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან (Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold), რომელთაც გააცნეს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს პოტენციალი  და ამ კუთხით არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.   შეხვედრები გაიმართა ასევე კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ. გარდსა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ პინარ ატაკანლის, კანადის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელს თურქეთში, სადაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდით მიზნით თანამშრომლობის გაძლირების საჭიროებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

    საქართველო გეგმას გახდეს (PDAC)-ის წევრი და აქტიურად გააგრძელოს მუშაობა სექტორის პოპულარიზაციის კუთხით.

              

    ნახეთ მეტი
    Card image cap Card image cap

    საჯარო დისკუსია წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ

    25.02.2018


     

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც პრეზენტაციის ფორმატში წარედგინათ შეხვედრის მონაწილეებს

    წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის პირველი ფაზის ფარგლებში საკონსულტაციო ჯგუფ ‘Adam Smith International’-ის მიერ შემუშავდა პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
        

    რეფორმის განხორციელების მიზნით შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ვიზიტის მიზანია პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, აგრეთვე, საჯარო დისკუსიის გამართვა  დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

     

    საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრზე წარიმართა აქტიური დისკუსია  პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა მიმართულებით, ამასთანავე, მხარეებმა იმსჯელეს სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც შემდგომში აისახება პოლიტიკისა და სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტში.

     

    წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული კონსულტაციების გათვალისწინებით, წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი უახლოეს მომავალში მთავრობას წარედგინება  დასამტკიცებლად.

     

     
    ნახეთ მეტი
    Card image cap

    საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

    25.02.2018

    საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება. 

    „პერევის“ კერამიკული თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე 121 626 ლარად გაიცა 
    წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერამიკული, იგივე გამომწვარი თიხა, მისი უნიკალური თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება ეკო-არქიტექტურაში. მას იყენებენ როგორც ნედლეულს ეკოლოგიური მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების დასამზადებლად. 

    საბადოების მართვაზე, მათ შორის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

    ნახეთ მეტი
    Card image cap

    ნატახტარში წყლის ჩამოსხმის მიზნით ქარხანა აშენდება

    25.02.2018

    ნატახტარში წყლის ჩამოსხმის მიზნით ქარხანა აშენდება, რისთვისაც 14 500 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 350 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

    სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა 

    და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

    ნახეთ მეტი

    წიაღის სექტორის რეფორმა

    25.02.2018

    წიაღის სექტორის რეფორმა
     

    წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღითსარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. 
     
    რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით.

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების მიზნით, შეირჩა მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International), რომელიც სამუშაო მისიით რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში.

    ამ ეტაპზე სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმის მიმდინარეობა აქტიურად ფაზაშია. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნა უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები.

    ექსპერტთა გუნდის მიერ ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ოთხი ანგარიში: საწყისი ანგარიში, საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში, არსებული მდგომარეობის ანალიზი და ვარიანტებისა და რეკომენდაციების ანგარიში. ამჟამად მიმდინარეობს კომბინირებულ ანგარიშსა და პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა. ექსპერტთა გუნდი მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 10 დეკემბრის კვირაში იმყოფებოდა.

    აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობით წიაღის სექტორის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისათვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას. 
     
    რეფორმის შედეგად მივიღებთ გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ და ეკონომიკურად მომგებიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, ასევე, ახალ სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო სისტემას, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
     

      

     

    ნახეთ მეტი
    Card image cap

    საქართველოს მინერალური და თერმული წყლის რესურსები

    25.02.2018

    ჩვენი ქვეყანა მდიდარია თავისი მინერალური და თერმული წყლების რესურსით. საქართველოში სულ აღმოჩენილია 308 საბადო, აქედან ყველაზე მეტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და აფხაზეთში ვლინდება. საბადოების მართვაზე, მათ შორის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
    მინერალური და თერმული წყლების დეტალური რუკა - http://bit.ly/2OQFVKq

     

    ნახეთ მეტი