• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    საჯარო დისკუსია წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ


     

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც პრეზენტაციის ფორმატში წარედგინათ შეხვედრის მონაწილეებს

    წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის პირველი ფაზის ფარგლებში საკონსულტაციო ჯგუფ ‘Adam Smith International’-ის მიერ შემუშავდა პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
        

    რეფორმის განხორციელების მიზნით შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ვიზიტის მიზანია პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, აგრეთვე, საჯარო დისკუსიის გამართვა  დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

     

    საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრზე წარიმართა აქტიური დისკუსია  პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა მიმართულებით, ამასთანავე, მხარეებმა იმსჯელეს სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც შემდგომში აისახება პოლიტიკისა და სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტში.

     

    წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული კონსულტაციების გათვალისწინებით, წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი უახლოეს მომავალში მთავრობას წარედგინება  დასამტკიცებლად.