• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SRK Consulting-ის წარმომადგენელი გადაამზადებს

     
     

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო წიაღის სექტორის განვითარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან.


    მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია SRK Consulting-ის წარმომადგენელი, უფროსი გეოლოგი ბ-ნი იგორ ზუბკოვი. წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა
    გადამზადების, ცოდნის ამაღლებისა და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, 11-დან 15 მარტის ჩათვლით ჩანიშნულია ტრენინგები, რომლებიც მოიცავს სამთო-მოპოვებითი სფეროს მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. 

    თეორიული კურსის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდება ე.წ. ჯორკის კოდექსზე (JORC Code), რომელიც სასარგებლო წიაღისეულისა და მადნეული მარაგების ანგარიშგების საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სტანდარტია. წიაღის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ახდენს საქართველოში არსებული მარაგების დათვლასა და ანგარიშგებას.

    რაც შეეხება ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან სფეროში არსებული ერთ-ერთი წამყვანი გეოლოგიური კომპიუტერული პროგრამის, MICROMINE-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, შეისწავლიან პროგრამის მუშაობის სპეციფიკას და გადაჭრიან პრაქტიკულ ამოცანებს.

    აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება სამთო-მოპოვებით სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.