• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    წიაღის სექტორის რეფორმა

    წიაღის სექტორის რეფორმა
     

    წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღითსარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. 
     
    რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით.

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების მიზნით, შეირჩა მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International), რომელიც სამუშაო მისიით რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში.

    ამ ეტაპზე სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმის მიმდინარეობა აქტიურად ფაზაშია. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნა უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები.

    ექსპერტთა გუნდის მიერ ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია ოთხი ანგარიში: საწყისი ანგარიში, საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში, არსებული მდგომარეობის ანალიზი და ვარიანტებისა და რეკომენდაციების ანგარიში. ამჟამად მიმდინარეობს კომბინირებულ ანგარიშსა და პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა. ექსპერტთა გუნდი მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 10 დეკემბრის კვირაში იმყოფებოდა.

    აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობით წიაღის სექტორის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისათვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას. 
     
    რეფორმის შედეგად მივიღებთ გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ და ეკონომიკურად მომგებიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, ასევე, ახალ სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო სისტემას, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.